logo
ENG



"ვისაუბრეთ რუსულ ოკუპაციაზე" - ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერმინისტრს შეხვდა

22 აგვ 202114:59
3 წუთის საკითხავი
 
2021/08/22/xu0dunkx9u9yl6a.jpg
მთავრობის პრესსამსახური

ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინის პრემიერმინისტრ დენის შმიგალს შეხვდა.

კიევში გამართული შეხვედრის შემდეგ მათ პრესკონფერენცია გამართეს.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე განიხილეს ქვეყნების საერთო გამოწვევები, პირველ რიგში, რუსული ოკუპაციის სახით და ისაუბრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანების შესახებ.

"13 წელი გავიდა აგვისტოს ომიდან და ჩვენი ტერიტორიების 20% კვლავ ოკუპირებულია. რა თქმა უნდა, შემაშფოთებელია ჩვენთვის რუსეთის ქმედებები როგორც უკრაინაში, ყირიმში, სეპარატისტულ რეგიონებში, ასევე ჩვენს ტერიტორიაზე. ცხინვალში და აფხაზეთში ბორდერიზაცია გრძელდება და ეს რა თქმა უნდა, საერთო შეშფოთებას იწვევს". - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

უკრაინის პრემიერმინისტრის განცხადებით, საქართველომ და უკრაინამ ერთობლივად უნდა იმუშაონ დეოკუპაციაზე და საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება სწორედ ამ საკითხზე მიმართონ.

"ჩვენ დეტალურად განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობა საერთაშორისო დონეზე. კერძოდ, განვიხილეთ ერთობლივი ნაბიჯების კოორდინაცია, რათა დავაჩქაროთ საქართველოს და უკრაინის ევროკავშირსა და ნატოში სრულფასოვანი წევრობის მოპოვება. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ის საკითხები, რომელიც უკავშირდება ნატოსთან თანამშრომლობის მექანიზმების გაღრმავებას და შავი ზღვის უსაფრთხოების მიმართულებით ჩვენი ქვეყნების დიალოგში ჩართვას". - განაცხადა შმიგალმა.

უკრაინის პრემიერმინისტრმა ასევე თქვა, რომ რუსეთიდან გაძლიერებული ზეწოლის პირობებში, უკრაინა "ყოველთვის ვგრძნობდით საქართველოს მხარდაჭერას, რაც ახლა ძალიან ძვირფასი და ღირებულია". 

გარდა პრემიერმინისტრისა, დაგეგმილია ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტთანაც. 23 აგვისტოს კი ის მონაწილეობას მიიღებს ყირიმის პლატფორმის სამიტში, რომელსაც 40-ზე მეტი სახელმწიფოს ლიდერი დაესწრება. 


close დახურვა